"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძე დღეს მთავარ პროკურატურაში 14:00 საათისთვის მივა . როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბურჯანაძე საგამოძიებო უწყებას ჩვენებას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მისცემს.
"დემოკრატიული მოძრაობა" მნიშვნელოვნად მიიჩნევს მთავარი პროკურატურის ძალისხმევას 26 მაისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით." ჩვენი პოლიტიკური ძალა პირველივე დღეებიდან მოითხოვდა ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან გვინდოდა სრული სიმართლე სცოდნოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. გვესმოდა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს, რომელმაც დანაშაულებრივად დაგეგმა და განახორციელა 26 მაისის სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაცია, ამ საქმეზე ნათლის მოფენა შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო შემოთავაზება, რომ პარტიის ოფისში მოვიდოდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი და 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოისმენდა ნინო ბურჯანაძის ახსნა-განმარტებას, თუმცა ნინო ბურჯანაძემ, გამოძიებისათვის მაქსიმალურად ხელის შეწყობის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და მისცეს ჩვენება", - აცხადებენ პარტიაში.
მათივე ცნობით, "სახალხო კრების" ლიდერებისა და წევრების უმრავლესობა უკვე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ორგანოში, მათ შორის ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, შალვა ოგბაიძე.
"ასევე უკვე დაკითხულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2011 წლის მაისის მოვლენების დროს პირადად დაზარალდნენ", - აღნიშნავენ "დემოკრატიულ მოძრაობაში".