"საბაში" ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სრულ ლიკვიდაციას საათნახევარი დასჭირდება

სავაჭრო ცენტრ "საბაში" დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.

მისი ვარაუდით, ხანძრის სრულ ლიკვიდაციას დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, ზარალი ძალიან დიდია, რადგან აღნიშნულ ფართობზე განლაგებული მაღაზიები დატვირთული იყო ავეჯით.

გიორგაძის თქმით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის ადგილას მუშაობდა 35 სახანძრო მანქანა და 300-მდე მაშველი. ამასთან, იგი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, რადგან გამოძიება არ ჩატარებულა.

"ხანძარს ჰყავს თვითმხილველები და გამოძიება დაადგენს გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი იყო ძალიან მასშტაბური. პირველი სახანძრო ავტომანქანა ხანძრის გაჩენიდან ოთხ წუთში იქნა ადგილზე მობილიზებული. დაიწვა დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, ცალკეული კერების ჩაქრობა კვლავ მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, საათნახევარში მოხდება სრული ლიკვიდაცია", - განაცხადა თემურ გიორგაძემ.