მიხეილ სააკაშვილი - კუბისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საფრთხე არსებობს

მიხეილ სააკაშვილი - კუბისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საფრთხე არსებობს

კუბისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საფრთხე არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ უნდა გამოიძიონ ის დანაშაულები, "რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა წინა წლებში ჩაიდინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".

პრეზიდენტის განცხადებით, ზაქარეიშვილმა საქართველოს მთავრობის პოზიცია გაახმოვანა. "ალბათ ის გულისხმობდა 2008 წლის ომს, ალბათ იმ ოპერაციებსაც, როდესაც ჩვენმა სპეცრზმმა გადმოათრია "კოჭოაია", რომელიც აფეთქებდა თბილისში და კლავდა ხალხს. დღეს ჩვენი მთავრობა თურმე აპირებს გამოიძიოს ცხინვალში ე.წ. გენოციდი, ასევე, აფხაზი ბანდიტის, ბუთბას სიკვდილი. იგივე რეინტეგრაციის მინისტრი ამბობს, დადგინდა ზუსტად თურმე, რომ გაგრის სტადიონზე აფხაზები არ თამაშობდნენ ქართველების თავებით ფეხბურთს. ამასობაში, რუსეთი ჩადის კუბაში, აპატია 30 მილიარდიანი ვალი და ერთ-ერთ პირობად დაუდო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ამის დიდი საფრთხე არსებობს. კუბელებს უთხრეს, თქვენ რას ნერვიულობთ, თვითონ ქართველები წინააღმდეგი არ არიანო აღიარების", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფრიკაში ვიზიტისას. "ჩვენ კბილებით გვეჭირა საქართველოს არაღიარების პოლიტიკა. როცა რეინტეგრაციის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, კუბელ და აფრიკელ დიპლომატს უჩნდება განცდა, რომ მართლაც ქართველების ბრალია ყველაფერი. ჩვენ ახლა ერთად უნდა ვიჯდეთ და ერთად ვმუშაობდეთ, რომ არ მოხდეს ოკუპაციის ლეგალიზაცია", - დასძინა სააკაშვილმა.