"საბას" დირექტორი ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობის პრობლემას გამორიცხავს

ცეცხლი სავაჭრო ცენტრ "საბას" 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს მოკლე ჩართვა ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, რადგან დაცვის სამსახური სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიას ზუსტად 19.00 საათზე თიშავს.

"დაცვის სამსახური ყოველდღე ელექტროენერგიას სავაჭრო ცენტრში ზუსტად 19.00 საათზე თიშავს მას შემდეგ, რაც იხურება მაღაზიები. ეს ხდება 18.30 საათზე და ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობს შემოწმება, რის შემდეგაც ითიშება ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს ელექტროგაყვანილობის დაზიანება ან რაიმე სახის პრობლემა, თუმცა, ვერ ვიტყვი, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ცეცხლის გაჩენის მიზეზი", - აღნიშნა ნიკოლოზ ბაკაშვილმა.

მისივე თქმით, ფართში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 50-მდე გაქირავებული მაღაზიაა და, შესაბამისად, ზარალი არის უზარმაზარი, რადგან გაქირავებულ ფართებში მოვაჭრეებს ძვირადღირებული ავეჯი აქვთ განთავსებული.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში 20:40 საათზე შევიდა. ხანძრის ლოკალიზებას 30-მდე ავტოცისტერნა, 3 სპეცმანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. ხანძრის შედეგად მეორე სართული ნაწილობრივ ჩამოშლილია.