პრეზიდენტი ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს

პრეზიდენტი ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. 

აღნიშნულ საკითხზე სააკაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს, ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაყება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მოხდება საქართველოს ეკონომიკის კანიბალიზაცია ოკუპანტი ქვეყნის მიერ. "რუსული ბიზნესის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სულ სხვა რაღაც იქნება, თუ მათ ჩვენი ქონება ხელში ჩაუვარდებათ და დაასხდებიან. ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის კანიბალიზაცია ოკუპანტი ქვეყნის მიერ. ამიტომ ესაა საკითხი, რომელზეც საქართველოს მთავრობას უნდა ვესაუბროთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.