მიხეილ სააკაშვილი - პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა

მიხეილ სააკაშვილი - პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა

პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. "რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით. ევროკავშირის რადარზეც არ ვიყავით, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ წელს, ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო აღმოჩნდებოდა ბევრად უსაფრთხო და პერსპექტიულ გარემოში. "დღეს იყო დოკუმენტის განხილვა და როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები ჩვენ გვაწყობს, ჩვენ გვინდა, დიდი აპლოდისმენტებით მიიღება და ითვლება, რომ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, როგორც მესმის, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეს დაბლოკეს. თუ ადრე ჩვენ გვესმოდა პრემიერ-მინისტრისგან ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ევროპის შემოტევა, დღეს ეს გადავიდა პრაქტიკულ განზომილებაში ევროკავშირთან ურთიერთობის, უკვე ბრიუსელში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იტყვის, რას გვარიგებენ და რა წაიღეს ტვინი ამ ევროპელებმა. ვინ ეკითხებათ მაგათ ჩვენ ქვეყნის შიგნით რას გავაკეთებთ. რა მაგათი საქმეა, გვინდა დავიჭერთ, გვინდა მოვხსნით, ვცემთ, გვინდა ყურით გამოვათრევთ, გვინდა კომბალს ჩავარტყამთ, გვინდა გავატყავებთ. მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო,ის, რომ ამ გუმბათზე 5 ჯვრიანი დროშა ფრიალებს, ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია, არის ქართველი ხალხის დიდი გმირობის, ასევე, იმ ევროპელი ლიდერების დამსახურება, რომლებიც სარაკეტო დარტყმების საფრთხის ქვეს იდგნენ თბილისის ცენტრში. ისინი ჩამოვიდნენ, დადგნენ და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა, როცა რუსული ტანკები იდგნენ თბილისთან. ამიტომ ეს არ არის აბსტრაქტული კატეგორია, რას იტყვის ევროპა", - დასძინა სააკაშვილმა.