მიხეილ სააკაშვილი – რუს ექსპერტებს ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილი – რუს ექსპერტებს ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ჩინოვნიკებს რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს. 

"ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტული კითხვა აწუხებს – "რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!".

"თუ, რუსეთში, სიტყვაზე, ბავარიული ძეხვი შედის შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და დაოთხილები დავრბოდით, რათა მუცელი გვეფხანა მათთვის?! რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური სურვილი, რომ მათ ვასიამოვნოთ. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ესაა კონკრეტული კითხვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.