შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლებებზე კონფერენცია გაიმართება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლებებზე კონფერენცია გაიმართება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციასა და პოლიტიკაში მათ სრულფასოვან მონაწილეობაზე ხვალ კონფერენცია გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" USAID-იდან აცნობეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო იმსჯელებენ, რატომ უნდა ისაუბრონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მათ პოლიტიკურ უფლებებზე; საუბარი შეეხება ხმის მიცემის უფლებასა და უნიკალურ ბარიერებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის გზაზე აწყდებიან.

ყურადღება დაეთმობა საარჩევნო ადმინისტრაციის როლს ადაპტირებული არჩევნების ორგანიზებაში.

კონფერენცია მოიცავს არჩევნების სიმულაციას, სადაც მონაწილეები თავად იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლის როლში, როგორც ადაპტირებულ, ისე არაადაპტირებულ საარჩევნო უბანზე.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი; IFES საქართველოს ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი, IFES-ის ექსპერტი ჩართულობის საკითხებში, ვირჯინია ატკინსონი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტის, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.