პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს

პრეზიდენტის განცხადება, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, არის სუპერ უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა და ის დაცული იქნება, რაც სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

"დაცვის სამსახური გაიყო და თავად მიხეილ სააკაშვილისა და მის ოჯახის დაცვის სამსახური დაექვემდებარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას. შეუთანხმებლობა არის იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 თუ 1800 კაცი. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც შესული იყვნენ როგორც დაცვის ექსპერტები, ასევე იურისტები და პოლიტიკოსები. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან ის შეთავაზება, რომელიც მთავრობას ჰქონდა, სააკაშვილისთვის იყო მიუღებელი. მან ჩათვალა, რომ 400 კაცი დაცვისთვის არ იყო საკმარისი. თუ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი წავა იმაზე, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა. პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და დაცვა არის აუცილებელი. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები არის სუპერ უპასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს ცხელ გულზე ნათქვამია და ის დაცული იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის საკითხი მოლაპარაკებების დროს მიბმული იყო ახალი ელჩების დანიშვნა-გამოწვევასთან დაკავშირებით. "საკონსტიტუციო თემატიკასთან დაცვის საკითხი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გადაბმული. სახელმწიფო დაცვის თემა მოლაპარაკებების დროს იყო გადაბმული უცხოეთში საქართველოს ელჩების გამოწვევა-დანიშვნის თემაზე, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს არც ერთი ახალი ელჩი არ არის დანიშნული პრეზიდენტის მიერ. მისი თქმით, არ არის დანიშნული ის ხალხიც კი, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხელმოწერით გააგზავნა და პარლამენტმა თანხმობა განუცხადა.