თეა წულუკიანმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

თეა წულუკიანმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ლექციის თემა საქართველოში სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმები იყო. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ჰარიმანის ინსტიტუტის ასოციაციის წევრი ლინკოლნ მიტჩელი უძღვებოდა.

მიტჩელის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტი უკავია, რადგან მისი უშუალო საქმიანობა "საქართველოში სამართლის სისტემის მოწესრიგებას და სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება".

იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მართლმსაჯულების სისტემა, რა ცვლილებები განხორციელდა შრომის კანონმდებლობაში.

თეა წულუკიანმა ისაუბრა აგრეთვე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე, პროკურატურის რეფორმასა და მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიაზე.
მოხსენების დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მსმენელები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებითაც დაინტერესდნენ. იყო კითხვები ქალაქის მერის, გიორგი უგულავასა და თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.