სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულებაში პატიმართა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გამოვლინდა

სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულებაში პატიმართა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გამოვლინდა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ #2-ე დაწესებულებაში პატიმართა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები გამოავლინა. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციაში 2013 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2-ე დაწესებულებიდან შევიდა 4 განცხადება, სადაც მსჯავრდებულები დაწესებულებაში თანამშრომლების: აჩიკო ტაბატაძის, ირაკლი მინაშვილის, გია სურმავას და ანზორ ამირანაშვილის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ.

"ასევე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან შემოვიდა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ მეორე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ირაკლი მინაშვილმა გამოძიების მსვლელობის დროს, ზეწოლა მოახდინა მსჯავრდებულზე, რათა მას ხელი არ შეეწყო გამოძიებისთვის ჭეშმარიტების დადგენაში და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა 12 მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებით", - აღნიშნა კორძაიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე, გენერალური ინსპექციის დასკვნის გამოტანამდე ირაკლი მინაშვილმა და #2 საწესებულების რეჟიმის განყოფილების კონსტროლიორმა პირადი პატაკის საფუძველზე დატოვეს თანამდებობები, ხოლო დასკვნის საფუძველზე, დათხოვნილ იქნენ #2-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილე, მაიორი არჩილ ტაბატაძე და ამავე დაწესებულების წარმომადგენელი გია სურმავა.

ირაკლი კორძაიას თქმით, გენინსპექციის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა. სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელარსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს მკაცრად აფრთხილებს, მსგავსი ქმედება არ დაუშვან და გამოძიებას ხელი არ შეუშალონ.