დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში შესაძლო ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში შესაძლო ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე, დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან არანაირი კომუნიკაცია არ გამართულა.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე. არანაირი ვიზიტი არ იგეგმებოდა და არც ახლა იგეგმება. აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ძნელია იმის თქმა, რის გამო ხდება რუსულ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ვაცხადებ, რომ არანაირი ოფიციალური მიმოწერა, მოლაპარაკებები, ან რაიმე სახის კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან არა თუ საქართველოს პრემიერის, არამედ სხვა სახის ვიზიტებზეც კი, არ ყოფილა და არც მომავალში ვგეგმავთ ამას", - აღნიშნა ზალკალიანმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მზად არიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით "იზვესტია" წერს.
რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობ ების აღდგენის საკითხი ახალ დონეზე ადის, რასაც მოწმობს ორმხრივი მოლაპარაკებების აქტივიზაცია და ის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი მიმდინარე კვირის ბოლოს პრაღაში გამართავენ.

"რუსეთის თეთრმა სახლმა საქართველოს სამი დროშაც კი შეიძინა პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოდან მაღალი რანგის დელეგაციის მიღებისთვის", - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

როგორც რუსული გამოცემის წყარო აცხადებს, დროშების შეძენაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსკოვში უკვე 2013 წელს ელოდებიან.
"საქართველოს დელეგაცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩამოვა. თარიღი და ვიზიტის სხვა დეტალები განხილვის სტადიაშია", - ნათქვამია სტატიაში.