სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვახო სანაიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვახო სანაიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არხის ყოფილი თანამშრომლების საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

როგორც სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან - 2013 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

"2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ვახტანგ სანაიას, რუსუდან ვაშაკიძის, დავით ქართველიშვილის, მარიამ ოშხნელის და თამრიკო სურგულაძის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სადავო ბრძანებით შეიზღუდა მათი შრომითი და კონსტიტუციური უფლებები, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.".სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ ""საზოგადოებრივი მაუწყებლის"" გენერალური დირექტორის ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ ""საზოგადოებრივ მაუწყებელს"" დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან - 2013 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე სსიპ "საზოგადოებროვმა მაუწყებელმა" ვერ დაამტკიცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა, მეორეს მხრივ, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე, ვინაიდან მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 1-ელ იანვარს", - განაცხადა სპიკერ მოსამართლემ.

აღსანიშნავია, რომ სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით, ვახტანგ სანაია ითხოვდა მოპასუხისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური - 1 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ.

"აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", - აღნიშნა ერემაძემ.