კოტე კუბლაშვილი ფოთში პროკურატურის მიერ მოსამართლის დასაკითხად დაბარებას აპროტესტებს

კოტე კუბლაშვილი ფოთში პროკურატურის მიერ მოსამართლის დასაკითხად დაბარებას აპროტესტებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ფოთში პროკურატურის მიერ მოსამართლის დასაკითხად დაბარებას აპროტესტებს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კუბლაშვილმა განაცხადა, ფოთში მოსამართლე დაიბარეს პროკურატურაში მოწმედ დაკითხვის მიზნით იმ საქმეზე, რომელიც მის მიერ იყო განხილული. მისივე განმარტებით, პროკურატურის მიერ მოსამართლის დაბარება იმ საქმეზე, რომელიც თავად ამ მოსამართლემ განიხილა, არის კონსტიტუციის დარღვევა, რომლის მიხედვით, არავის აქვს უფლება ანგარიში მოსთხოვოს მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე.

კუბლაშვილის განცხადებით, მის მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებას მოჰყვა გამოხმაურება, თითქოს ამ მოსამართლემ კონკრეტულ საქმეში დაუშვა შეცდომა, ვიღაცას ამნისტია არ შეუფარდა და ამის გამო უნდა გაგრძელდეს გამოძიება.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მე-19 საუკუნეში ვბრუნდებით, რადგან მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ამას უკვე აღარ აკეთებდნენ და ჩვენ გვინდა ახლა სწორედ იქ დაბრუნება, საიდანაც დავიწყეთ. ყველა მიხვდება რასთან გვაქვს საქმე და ასევე ყველა მიხვდება, რომ ნონსესია ეს ყველაფერი, მით უმეტეს ეს გარანტირებულია კონსტიტუციით", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მისივე თქით, 50 000 საქმეს იხილავენ ახლა მოსამართლეები ამნისტი იდან გამომდინარე, რომელთა განხილვა ხდება შეზღუდულ ვადებში და, ბუნებრივია, შეიძლება იქნას შეცდომები დაშვებული. ამჟამად კი უზენაეს სასამართლოში დღესაც მიმდინარეობს პროცესები პირველი ინსტანციის მოსამართლეების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი მოსამართლის საქმე განიხილება. "და რა ვქნათ ახლა ამ შეცდომებზე, რომლებიც უზენაესმა გაასწორა და საბოლოო ინსტანციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ამას გავაკეთებთ, მე-19 საუკუნეში აღმოვჩნდებით, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ანაქრონიზმია. ეს არის სირცხვილი, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. არც კი უნდა გაიფიქროს ვინმემ, რომ როდესაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, პროკურორს უფლება ჰქონდეს დაიბაროს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სირცხვილია ეს მართლმსაჯულებისთვის და სირცხვილია ქვეყნისთვის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ორი მოსამართლის საქმეს, რომელთა პირადი საქმეებიც პროკურატურამ გამოითხოვა.