კახი კალაძე:

კახი კალაძე: "რაბათში ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები ეკონომიკური არამომგებიანობის გამო შეწყვეტილია"

საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, "საქართველოში ბიზნესი წნეხისა და ტერორისგან სამუდამოდ გათავისუფლდა და ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც".

ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ რაბათის დათვალიერების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილი გადასახადების გამო რაბათში ყველა ობიექტი დაიხურა.

"ახალციხეში ქვესადგური "ახალციხე-500"-ის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ რაბათის ისტორიულ უბანს. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თუ როგორი დაცარიელებულია რაბათის "რეაბილიტირებული" უბანი. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგებული ფასადური აღმშენებლობისა და ვითომ-ეკონომიკური "აღმავლობის" კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გავხდით. ადგილზე მოვიძიეთ საიჯარო ხელშეკრულებების სია, სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება. ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთიდაიგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა "იაფი" ღირდა იჯარა და თავად განსაჯოთ, მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად. დღეისთვის, ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით. საქართველოში ბიზნესი სამუდამოდ გათავისუფლდა წნეხისა და ტერორისგან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დაიწყება ნამდვილი ეკონომიკური აღმავლობა ნაცვლად იმ ფასადური "სარგებლისა", რასაც ზოგიერთი მომაკვდავი პარტია გვთავაზობდა. ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ივანე წიკლაურის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილი გადასახადების გამო რაბათში ყველა ობიექტი დაიხურა.

ამის შესახებ წიკლაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს განუცხადა, რომელიც ახალციხეში იმყოფებოდა და წიკლაურთან ერთად ციხე-ქალაქი "რაბათი" დაათვალიერა.

დათვალიერების დროს გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში "რაბათში" მოქმედი თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა, რომლის მიზეზად გუბერნატორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილ გადასახადებს ასახელებს.

წიკლაურის თქმით, ყველა მაღაზია, მათ შორის "ზარაფხანა", “სელიო", "სვოჩი", "პუმა", ბანკი, "ღვინის სახლი", თეატრი დაიკეტა.

თავის მხრივ, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ყველა ახალციხელი რაბათზე დიდ იმედებს ამყარებდა.

"დღესდღეობით კი, ყველა ობიექტი დაკეტილია. ერთადერთი მხოლოდ რესტორანი მუშაობს. თუ ასე გაგრძელდა, ახალციხელებისთვის ძალიან ცუდი იქნება", - განაცხადა ჩიტაშვილმა.