დავით უსუფაშვილი – ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გნებავთ ულტიმატუმი უწოდეთ, გნებავთ დიდსულოვნება

დავით უსუფაშვილი – ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გნებავთ ულტიმატუმი უწოდეთ, გნებავთ დიდსულოვნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "მკითხველის ნებაა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში სიტყვა - "ულტიმატუმი" წაიკითხოს". როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 

სასტუმრო "რედისონში" პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტისადმი მიმართვის კომენტირებისას განუცხადა, მკითხველის ნებაა, ამ განცხადებაში წაიკითხოს სიტყვა "ულტიმატუმი" და არის მეორეც - სრულად წაიკითხოს განცხადება და დაინახოს, რომ ეს არის ივანიშვილის დაუღალავი მცდელობა, მშვიდობიანად, წყნარად, მშვიდად მოახერხოს ყველაფრის მოგვარება.
უსუფაშვილის განცხადებით, ეს არ არის ახალი თემა და ამაზე თვეებია მიმდინარეობს მსჯელობა.

"ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ეკადრება ქვეყნის პასუხისმგებლიან მმართველს, გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ დამთავრდა განსჯის, განხილვის, აწონ-დაწონვის დრო და საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება. ამას გნებავთ ულტიმატუმი უწოდეთ, გნებავთ დიდსულოვნება. მან იცოდა, რომ იქნებოდა ხალხი, მსურველები, რომლებიც ასე წაიკითხავდნენ მის განცხადებას, შესაბამისად მისაღებია გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების მიღებაში კი, ყველა თავისუფალია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან პირდაპირ, არაორაზროვნად თქვა, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ცხრამეტი, ან ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.

"ან ვართ ცივილიზებული ქვეყანა, ან არ ვართ. ყველამ გააკეთოს არჩევანი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ განცხადებიდან ორი-სამი დღის შემდეგ არაფერი არ მოხდება - უბრალოდ, პრემიერი პრეზიდენტის პასუხს დაელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვინც განცხადების ბოლომდე წაკითხავს, ის ნახავს, რომ იქ წერია - მარტის ბოლომდე პარლამენტში შედგება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა.

"აი, ეს მოხდება. ორი-სამი დღის მერე კი, არაფერი არ მოხდება. ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად ან გავიგებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, დღესაც იყოს კონსტიტუციურ დიქტატურა, თუ არ არის თანახმა", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ივანიშვილი პრეზიდენტს "ბოლო წინადადებას" სთავაზობს და მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.