სამინისტროებმა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე დაიწყეს მუშაობა

სამინისტროებმა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე დაიწყეს მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე დაიწყეს მუშაობა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს ფინანსთა სამინისტროში, მინისტრ ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მუშაობის ფორმატზე იმსჯელეს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სამინისტროს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობას მუშაობის პროცესში.
"გამომდინარე აქედან, დოკუმენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი მიმართავს ყველა დაინტერესებულ მხარეს წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები აღნიშნული დოკუმენტის გარშემო", - აცხადებენ უწყებაში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტების, სახაზინო სამსახურის უფროსები, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.