საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პარლამენტში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პარლამენტში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის პარლამენტში იმყოფება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიიდან" აცნობეს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის XIV სხდომა, თავმჯდომარეებმა მილან ცაბნოხმა და თინათინ ხიდაშელმა გახსნეს.

სხდომაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, შემდგომ პროგრესს, დემოკრატიის მდგომარეობას და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაეთმო.
ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლი სხდომაზე თავის გამოსვლაში კონფლიქტების მოგვარების საკითხს შეეხო და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებზე გააკეთა.

ინტენსიური დიალოგი გაიმართა კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

"ევროპარლამენტის წევრებმა გამოსვლებში იმ პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყანაში წლების მანძილზე დაგროვდა. თინათინ ხიდაშელმა შეკრებილ პარლამენტის წევრებსა და აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლებს ახალი და ძველი ხელისუფლებების სხვაობის წარმოსაჩენად "იმედის" საქმე გააცნო. დეპუტატმა ყველას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, დეტალურად დაინტერესდნენ ყველა საქმით, რომელიც გამოძიების ქვეშ არის, შეისწავლონ ისინი და მათ სრული გამჭვრივალობისა და ხელმისაწვდმობის გარანტია მისცა", - აცხადებენ "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში.

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შეიქმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც უზენაესი იქნება კანონი და არა - პოლიტიკური ძალების განწყობები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა გაიგონ, რა პროცესები მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციისთვის 2004 წელი ყველაზე დრამატული იყო. ვერ იპოვნით ვერც ერთ დოკუმენტს, სადაც პოზიტიურად შეფასდა განხორციელებული ცვლილებები. 2004 წლის ცვლილებებს ნეგატიური შეფასება მისცა ვენეციის კომისიამაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო კომისია კი 3 წლის განმავლობაში იღებდა რეზოლუციებს, სადაც ითხოვდა ბალანსის აღდგენას კონსტიტუციაში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დიქტატურა დამყარდა კონსტიტუციით. მსგავსი სისტემა გვხვდება თურქმენეთში და არ მგონია, თურქმენეთს ვინმე ევროპულ ქვეყნად აფასებდეს. შემთხვევა, როცა პრეზიდენტს ერთპიროვნულად და განუსაზღვრელი ვადით შეუძლია დანიშნოს მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, თურქმენეთში გვხვდება. 9 წელი ვიბრძოდით პრეზიდენტის ჭარბი უფლებამოსილების შეკვეცისთვის და ჩვენი ხელისუფლების ვალია ბალანსის აღდგენა. რეალურად ერთი მუხლის ცვლილების ინიცატივით გამოვდივართ, სადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას პარლამენტის თანხმობა სჭირდება", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სამართლიანობის აღდგენა, როცა საქმე მძიმე დანაშაულს ეხება.

"წამებაზე, მკვლელობებზე, მაღალი რანგის მოხელეების მხრიდან კორუფციულ ქმედებებზე დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. 2004 წლიდან - 2012 წლის ჩათვლით 9860 შემთხვევაა დაფიქსირებული როცა ბიზნესმენებმა საკუთრება - უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს აჩუქეს. საუბარია ჰექტრობით მიწებზე, ქარხნებზე. გამოსაძიებელია თითოეული საქმე. ჩვენი სურვილია, ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს. დიდ მადლობას ვუხდით ყველა ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო. ეს არის საკითხი, სადაც თქვენი ჩართულობა ყველაზე მეტად გვჭირდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის XIV სხდომა ბრიუსელში იმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს.

საქართველოს მთავრობას სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს. სხდომის დასასრულს კი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები რეკომენდაციებს მიიღებენ. მსგავს დოკუმენტს კომიტეტი ტრადიციულად ყოველი შეხვედრის შემდეგ აქვეყნებს.