გიორგი კვირიკაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, - როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს , ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დღეს გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, რომლებზეც შეერთებული შტატები ამ ეტაპზე საქართველოსთან თანამშრომლობს. სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია საკუთრების უფლების დაცვის სფეროზე, კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებასა და შრომის კოდექსის დახვეწაზე. ელჩის განცხადებით, განისაზღვრა პრიორიტეტები, რაც საკუთრების უფლებების დაცვას ეხება.

"ვისაუბრეთ ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. შეერთებული შტატები, საელჩოსა თუ სხვადასხვა პროგრამებისა და უწყებების საშუალებით მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გაღრმავდეს ჩვენი დიალოგი თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნდა გაღრმავდეს დიალოგი თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებითაც.

"ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ძირითადი განხილვის თემა იყო ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გაცილებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, რადგან იმ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც საქართველოს შეერთებულ შტატებთან აქვს, გაცილებით უფრო მეტი ეკონომიკური შედეგია მისაღები", -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.