ვანო მაჭავარიანი: პრემიერის მიმართვა კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის

ვანო მაჭავარიანი: პრემიერის მიმართვა კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის

პრემიერ-მინისტრის მიმართვა პრეზიდენტისადმი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განუცხადა. 

მისივე თქმით, ეს არ არის კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"ეს მიუთითებს იმ პირად დაძაბულობაზე, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობს. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თემა უკვე საკმაოდ გაიწელა და პოლიტიკური ელიტისთვის, განსაკუთრებით უმრავლესობისთვის აქტუალურია. ისმის კითხვა, რამდენად შეინარჩუნა ამ საკითხმა აქტუალობა საზოგადოებისთვის და ხომ არ არის სხვა უფრო აქტუალური თემები საზოგადოებისთვის, რომელიც უნდა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მოისმინოს - იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ტიპის თემატიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება ამაზე არა მხოლოდ პრეზიდენტსა და უმცირესობას, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს. რამდენად არის ეს თემა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი მიმართულებით", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რით უპასუხებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და უმცირესობა, რადგან თემა ძალიან საფრთხილოა და "ქვეყნის ინტერესების ხარჯზე კრიზისის გაღრმავება დაუშვებელია".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში ივანიშვილი პრეზიდენტს "ბოლო წინადადებას" სთავაზობს და მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.