ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდიდან მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად ამოიღო.

ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული შუამდგომლობა და თბილისის მერის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამის საპასუხოდ გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისის განვითარების ფონდიდან მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად ამოიღო. ნათელია, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე (რაც დოკუმენტაციის ამოღებისთვის ზოგადად აუცილებელი წინაპირობაა) დოკუმენტაციის ამოღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საგამოძიებო ორგანოს მიერ, უკვე ნოემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს ფონდის საქმიანობის შესწავლა და ამის ხელის შემშლელი არც ერთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა, დაარწმუნა როგორც საზოგადოება, ასევე თავად საგამოძიებო ორგანოები თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობაში, მათ სასწრაფო წესით წამოიწყეს ახალი ბრალდების შეთითხვნის პროცესი. ყოველივე ამით კი კვლავ გრძელდება პოლიტიკური ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.