უგულავას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ

უგულავას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "მთავარმა პროკურორმა საერთოდ არ იცის, რა მტკიცებულებები დევს საქმეში"

თბილისის მერ გიგი უგულავას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე დარწმუნებულია, რომ "მთავარმა პროკურორმა საერთოდ არ იცის, რა მტკიცებულებები დევს საქმეში".

ამის შესახებ გაბაიძემ არჩილ კბილაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლიც თანახმადაც უგულავას საქმეში, მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

"პროკურატურას უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს განჩინება 48 საათის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ამ უფლებს ვერავინ მოუსპობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ განჩინება, რომელიც დღეს ჩავიბარე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, არის დასაბუთებული, კანონიერი და მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველს ვერ ვხედავ", - განაცხადა გაბაიძემ.

ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ არჩილ კბილაშვილი საქმეს კარგად არ იცნობს.

"საქმე ნამდვილად მოცულობითია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავარ პროკურორს დრო არ ჰქონდა, მას გასცნობოდა, რადგან მეც არ წამიკითხავს ბოლომდე და ვერც წავიკითხავ ჯერ. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ისიც კი არ იცოდა, რომ კეზერაშვილს ამ საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი, როდესაც კვირას, "კურიერში" განცხადება გააკეთა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მთავარმა პროკურორმა საერთოდ არ იცის, რა მტკიცებულებები დევს საქმეში. საქმეში დევს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, მეტი არაფერი, ისეთი მოწმის ჩვენებები, როგორიცაა ჯოზეფ ქეი და ჩემთვის გაურკვეველია ახლა, რა მტკიცებბულებებზე საუბრობს მთავარი პროკურორი", - განაცხადა გაბაიძემ.