სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებს წლის ბოლომდე გააგრძელებენ

სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებს წლის ბოლომდე გააგრძელებენ

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები პროგრამების განხორციელებას 2013 წლის ბოლომდე გააგრძელებენ. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბრის თემა იყო, როგორ იქნება სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ურთიერთობა ახალი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე კომპანიები მუშაობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც გააგრძელებენ, ხოლო ის პირები, რომლებსაც დღემდე დაზღვევა არ გააჩნიათ, სახელმწიფო პაკეტით იქნებიან უზრუნველყოფილი.

28 თებერვლიდან 1 ივლისამდე საყოველთა დაზღვევის პროგრამაში მოხვედრილი პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გადაუდებელი და პირველადი ჯანდაცვა. 1 ივლისის შემდეგ კი, აღნიშნულ სადზაღვევო პროგრამებს გეგმური სამედიცინო მომსახურებაც დაემატება.

ამასთან, "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, ნიკა რამიშვილის განცხადებით, ახალი საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის ამოქმედება კერძო სადაზღვევო კომპანიებს სამ უმთავრეს პრობლემას შეუქმნის. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის სიდიდე ძალიან შემცირდება.

რამიშვილის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ სახლმწიფო სადაზღვევო პროგრამების წილი მთლიან სადაზღვევო ინდუსტრიაში 70%-ზე მეტს შეადგენს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობისთვის 200 მლნ ინვესტიცია განახორციელეს. დახარჯული ინვესტიციის ამოღება კი მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორიდან მოუწევთ და 15-20 ადგილიანი საავადმყოფოების შემთხვევაში რენტაბელურად მაღალი კოეფიციენტის მიღება გაუჭირდებათ.

რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაზღვეულებზე ხელმისაწვდომობა გაცილებით ნაკლები იქნება. რამიშვილმა აღნიშნა, რომ კერძო სადაზღვევო სექტორი რომ არ დაზარალდეს, სამინისტრო მათთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების რეჟიმში გადავა.

თავის მხრივ, ჯურნალისტებთან კომენტარი მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემაც გააკეთა.

ნიკოლაძე არ იზიარებს გავრცელებულ აზრს, რომ საყოველთაო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედების შედეგად შესაძლოა კერძო დაზღვევამ სტაგნაცია განიცადოს.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მხოლოდ საბაზისო პაკეტს მოიცავს, მის ზემოთ კი კორპორაციული დაზღვევისთვის ვრცელი ველი რჩება.