ზურაბ ჭიაბერაშვილი – ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, – ეს განცხადება კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გააკეთა, სადაც პრეზიდენტისადმი პრემიერ ღია მიმართვას გამოეხმაურა. 

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო წერილის ადრესატის პოზიცია იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ მიდგომა არასწორია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხება პირველივე დღეს აღიარა, ასევე, შესაძლებლობის მიუხედავად, არ ჩაერია მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში და ახალ უმრავლესობას ამ მხრივ სრული თავისუფლება მისცა, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა არ სურს.

"გაუმართლებელია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად უშლის ხელს უმრავლესობას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. სინამდვილეში კი, საქმე გვაქვს იმ რეალობასთან, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს და ცდილობს, სისუსტე ოპონენტებს გადააბრალოს", – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამასთან, როგორც კახეთის გუბერნატორი აცხადებს, პრობლემას ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება უმცირესობის წინადადებები, გადაწყვეტილებების სამი მეოთხედის პრინციპით მიღებასთან და საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით.