არჩილ კბილაშვილი - საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაული გახდება ცნობილი

არჩილ კბილაშვილი - საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაული გახდება ცნობილი

უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის შესახებ გახდება ცნობილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაღალჩინოსნების მხრიდან. 

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის ძიების კუთხით 2004-2012 წლებში ათასობით შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს აჩუქეს.

"ჩვენი მოვალეობაა მსგავსი ფაქტები გამოვიკვლიოთ. გამოვლენილია 9560 შემთხვევა, რომლის დროსაც მადლიერმა საქართველოს მოქალაქეებმა ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. რამდენიმე ათეული ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ის, რისი გამოძიებაც წამოვიწყეთ, ზღვაში წვეთია. ძალიან მალე სხვადასხვა ამ ტიპის, თუ კატეგორიის დანაშაული გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დაიწყება არსებითი განხილვები და ღიად გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისი თქმით, არსებითი განხილვების დროს, რომელზეც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის საქმეები იქნება განხილული, პროკურატურა მაქსიმალური საჯაროობისთვის მზად არის.

"ჩვენი მხრიდან იქნება სრული დეპოზიტი, რათა წარმოჩინდეს ვინ მიჩქმალა აღნიშნული დანაშაული. ამ ეტაპზე ხუთი მინისტრი და ერთი ქალაქის მერი გვყავს პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა კბილაშვილმა.