ლევან ბერძენიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ნებისმიერ შემთხვევაში შევა

ლევან ბერძენიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ნებისმიერ შემთხვევაში შევა

საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში ნებისმიერ შემთხვევაში შევა, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარეს ერთობლივი პოზიცია ჰქონდეს. 

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა "პრაიმ თაიმის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის ღია წერილს გამოეხმაურა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, მისთვის სრულიად ლოგიკურია პრემიერის წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსიროს მისი პოზიცია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით და გარდა ამისა ამ პოზიციის დასაფიქსირებლად სამდღიანი ვადაც სრულიად საკმარისია.

"პრეზიდენტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ცვლილებები კონსტიტუციაში მარტის თვეში შევა და ამას საპარლამენტო უმრავლესობა ცალმხრივადაც განახორციელებს. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის და ჩამოყალიბების უფლება აქვს, საქართველოს სირცხვილია 2004 წლიდან. თავის დროზე ამ უფლების მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. მათ გარდა ყველა პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის ჩათვლით. დღეს კი როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტია, მას მითუმეტეს, არა აქვს იმის უფლება, რომ ერთპიროვნულად დაითხოვოს მთავრობა და მისთვის სასურველი გუნდი დაამტკიცოს ქვეყნის ხელისუფლებაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციონერი პრეზიდენტის როლის მორგების ნაცვლად დაეტოვებინა "ნაციონალური მოძრაობა" და ხალხის პრეზიდენტად დარჩენილიყო.