რუსთაველმა არასრულწლოვანმა პრობაციონერებმა სათნოების სახლის "კათარზისი" ხანდაზმული ბინადრები მოინახულეს და პანსიონატის პერსონალს მათ მომსახურებაში დაეხმარნენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მოხუცებს სადილი გაუწყვეს და სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს.
საქველმოქმედო ღონისძიება ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტო ,,სიდას" ორგანიზებით გაიმართა.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროსა და " სიდა"-ს ერთობლივი პროექტი ("კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და მათი ინტეგრაცია") დაიწყო 2012 წლის აპრილში. ერთწლიანი პროგრამა კულტურულ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, აგრეთვე გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში პრობაციონერების ჩართვას ითვალისწინებს.