ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხოლო გიორგი ღვინიაშვილი იმ სპექტაკლის ერთ-ერთი დამდგმელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიდგა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”პირველი რადიოს” რადიოკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განუცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისგან ელოდებოდა, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრ რამეზე ისაუბრებდა.
"ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი. მიმაჩნია, მან ბევრი რამე უნდა იცოდეს. მას დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ამ უბედურებაში და მიკვირს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და არ ამბობს ბევრ რამეს. რაც შეეხება ღვინიაშვილს, იმ სპექტაკლის დამკვეთები, რომელიც დადგეს დონაძემ და მიქაძემ, სწორედ ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ღვინიაშვილი იყვნენ. დონაძე და მიქაძე სწორედ მაგათგან იღებდნენ დავალებებს", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან, მეტრეველის თქმით, დონაძე და მიქაძე რომ არ ყოფილიყვნენ გათავისუფლებული, ისინი ვერ მოახდენდნენ მჭიდრო კოორდინაციას ერთმანეთთან და ვერ დადგამდნენ იმ სქემას, რომელიც ვიდეოკადრების გავრცელებით გამოიხატება.
"დონაძე და მიქაძე რომ არ გაეთავისუფლებინათ, ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციას ვერ მოახდენდნენ. ასევე, არ ექნებოდათ კავშირი მოწმეებთან. საბოლოოდ ამ მჭიდრო კავშირის შედეგად დადგეს ეს სქემა, რომელიც ვიდეოკადრების გავრცელებით გამოიხატა. მე ვფიქრობ, რომ ამ კადრების სათავე შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილამდეც მიდიოდეს, რადგან სწორედ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ კადრებით ყველაფერს ნათელი ეფინება", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან, ბუტა რობაქიძის დედა უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და აღნიშნავს, რომ თუ მისი შვილის მკვლელებს ეს სასამართლო გაასამართლებს, მაშინ იმედი არ ექნება.
"გუშინ კარგად გამოჩნდა, სასამართლო როგორი მიკერძოებულია. არა მგონია, რომ ამ სასამართლოს პირობებში ყველაფერს ნათელი მოეფინოს და გამოძიების თვალსაზრისით სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ზურაბ ვაწაძე, რომელიც "ვიდეო-პატრულის" ოპერატორი იყო და, რომელმაც გადაიღო რეალურად, თუ რა მოხდა ადგილზე, გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს.
"ჩემი ინფორმაციით, მას ინსულტი აქვს გადატანილი, თუმცა ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ გამოძიებასთან არ საუბრობს იმ მოტივით, რომ ცუდად არის", - აღნიშნა მეტრეველმა.
ია მეტრეველი იმედოვნებს იმასაც, რომ ძალიან მალე სიმართლე დადგინდება და ყველაფერს ფარდა აეხდება.
მეტრეველი ეხმაურება ბუტა რობაქიძის საქმეზე ორი მოწმის დაკავებას, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში არიან ბრალდებული.
ბუტა რობაქიძის დედა იმედოვნებს, რომ მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე დაკავების შემდეგ უკვე სხვანაირად დაიწყებენ საუბარს.
"მაიზერ ლიპარტელიანი ყვებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ იქ ადგილზე იარაღები მას არ უნახავს. ის ბუტა რობაქიძის მამასთანაც იყო ამოსული, სადაც ყველაფერი დეტალურად მოყვა და მასთან საუბრის დროსაც თქვა, რომ იარაღი არ უნახავს, თუმცა იმ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც დონაძემ და ფირცხალავამ გაავრცელეს, მან ჩვენება შეცვალა და უკვე სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი", - აღნიშნა მეტრეველმა.