არჩილ კბილაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რომელთა გამოც პროკურატურამ უგულავას დაპატიმრება არ მოითხოვა

არჩილ კბილაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რომელთა გამოც პროკურატურამ უგულავას დაპატიმრება არ მოითხოვა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობა შემდეგ მიზეზების გამო არ მოითხოვა - არ სურდა, საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძენოდა; არჩეულ მერს პატივი სცა ; პროკურატურის თვითმიზანი გიგი უგულავას, როგორც დედაქალაქის მერი გისოსებს მიღმა ყოფნა არ არის - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

თუმცა, არჩილ კბილაშვილი არალოგიკურს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა.

"როდესაც დედაქალაქის მერი იმხილება 20 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში, მისი მერობა უკვე სახიფათოა. იქიდან გამომდინარე, რომ წარსულში აქვს ჩადენილი თანხის გაფლაგვა, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ კიდევ ჩაიდინოს ასეთი ქმედება", - განცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის თქმითაც, ეს საფრთხე თავისთავად ნიშნავს, რომ პროკურატურის მოთხოვნა დასაბუთებული იყო.

მთავრამა პროკურორმა პარალელი გაავლო ყაჩაღისა და მკვლელის დაკავების პროცედურებთან და აღნიშნა, რომ როდესაც ყაჩაღი საყაჩაღოდ მიდის, ნიშნავს, რომ შეიარაღებულია და თუკი იარაღი არ ჩამოართვეს, მსგავსი ქმედების გამეორების საფრთხე არსებობს.

"ეს ადამიანი არჩეული მერია და პროკურატურამ მას პატივი სცა. მეორე საკითხი, რის გამოც დაპატიმრება დაპატიმრება არ მოვითხოვეთ - გიგი უგულავა პოლიტიკური ფიგურაა და ვერ ავცდებოდით იმას, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა. მესამე საკითხი - ჩვენთვის არაა თვითმიზანი, რომ მერი გისოსებს მიღმა გვყავდეს", - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა საგამოძიებო უწყების მხრიდან სასამართლოსთან დაყენებულ კიდევ ერთ შუამდგომლობაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში მისვლა უნდა დავალებოდა, რაც სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია.

"როდესაც გიგი უგულავას დაკითხვას დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით და იგი ამის წინააღმდეგი იყო, სასამართლომ თვითონ დაავალა სამართალდამცველებს უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა, ახლა კი როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ იგი კვირაში ერთხელ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, სასამართლო ამ მოთხოვნას უწოდებს დაუსაბუთებელს, რაც ასევე არ ექვემდებარება ლოგიკას", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, პროკურატუტა გიგი უგულავასთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.