ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობა მისი შვილის მკვლელობის საქმეში დიდია და გიორგი ღვინიაშვილი ამ საქმეში დამნაშავეა.
როგორც მეტრეველმა "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ღვინიაშვილმა დაუკვეთეს თუ რა და როგორ უნდა განხორციელებულიყო.
მეტრეველის თქმით, ღვინიაშვილს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, რობაქიძის დედა მიიჩნევს, რომ გამორიცხულია ოქრუაშვილს იმ ღამეს მიმდინარე ამბები არ სცოდნოდა.
"ოქრუაშვილზე არასოდეს ვსაუბრობდი, თუმცა მის მიმართ კითხვები ყოველთვის მქონდა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, ამ საქმეში ოქრუაშვილის პასუხისმგებლობა დიდია და მე ძალიან მიკვირს რატომ არ აძლევს გამოძიებას ჩვენებას", - განაცხადა მეტრეველმა.
ის ასევე, გადაცემა "პატრულის" ყოფილი ოპერატორის ზურაბ ვაწაძის დაკითხავს ითხოვს.
"მე მინდა, პროკურატურას ვთხოვო აუცილებლად დაკითხონ ვაწაძე, რადგან ჩემი ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მის სახლში უცხო ადამიანების გადაადგილება შეინიშნება, რომლებიც ვაწაძეზე სავარაუდოდ, ზეწოლას ახდენენ", - აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე თქმით, გუშინ თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო არანაირ ნდობას არ იმსახურებს და შესაბამისად, თუ რობაქიძის საქმეზე დაკავებულ პირებს კუბლაშვილის სასამართლო გაასამართლებს, ის ობიექტური არ იქნება.
"სასამართლოს რომ დონაძე და მიქაძე არ გაეთავისუფლებინა, ისინი ვერ შეძლებდნენ კოორდინირებულად დაედგათ ის სცენარი, რომელიც ახალი კადრების გავრცელებით დაიწყო და დღემდე აბსურდულად გრძელდება. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს საქმე სააკაშვილამდეც მიდის, რადგან სწორედ მან გააკეთა განცხადება, რომ ბოლოს გავრცელებული კადრებით ყველაფერი ნათელი გახდა", - აღნიშნა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.