მოსკოვში საქართველოს პრემიერთან შესახვედრად ემზადებიან.
როგორც "იზვესტია" წერს, "რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ახალ დონეზე გადადის. ამაზე მეტყველებს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება, კვირის ბოლოს პრაღაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამშრომლების შეხვედრა. თეთრმა სახლმა ქართული დროშებიც კი იყიდა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის მიღების შეთხვევისთვის".
გამოცემა მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული დროშების შეძენა, რომელიც ამ დრომდე მოთხოვნადი არ იყო და ახლა თეთრ სახლში ის უკვე არის, ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს უკვე მიმდინარე წელს ელოდებიან".
"დეგელაცია ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოვა, ვიზიტის თარიღი და დეტალები ჯერჯერობით განიხილება. საქართველოს სახელმწიფო დროშა იქნება განთავსებული დარბაზებსა და მთავრობის მისაღებში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს", - წერს "იზვესტია" წყაროზე დაყრდნობით.
ჩინოვნიკის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ წარმოადგენს რუსულ მხარეს შეხვედრაზე.
ოფიციალური ხელისუფლება ვიზიტისთვის მზადებას უარყოფს.
"დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრ პესკოვი.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა გააფართოვოს.
"ჩვენი კავშირები ეკონომიკის სფეროში, ჰუმანიტარულ კავშირებში არასოდეს შეწყვეტილა. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობების განვითარებისთვის, თუმცა კავშირების გაუმჯობესება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად არასოდეს მოხდება", - განაცხადა ლავროვმა.
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ივანიშვილის მოსკოვში ვიზიტი დღის წესრიგში არ დგას.
"თუმცა თეორიულად მოსკოვში ვიზიტი არ გამოირიცხება. ნებისმიერ შემთხვევაში თეთრ სახლში ქართული დროშების ქონა სასიკეთოა", - განუცხადა აბაშიძემ "იზვესტიას".
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია დარწმუნებულია, რომ დიმიტრი მედვედევისა და ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკებები სრულიად შესაძლებელია.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ ნაბიჯებს დგამს ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვფიქრობ, პრაგმატიზმი მას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უარს არ ათქმევინებს და სრულიად ლოგიკურია, რომ იგი მოსკოვში ჩამოვიდეს", - განაცხადა ხუბუტიამ.
პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი პალატის წევრი სერგეი მარკოვი ასევე არ გამორიცხავს რუსეთის ლიდერების ივანიშვილთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუმცა ამისთვის რამდენიმე დაბრკოლებას ასახელებს.
"ივანიშვილს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება დიდი ხანია, სურს, თუმცა არ შეუძლია, ამის გაკეთება, რამდენადაც მისთვის მთავარი პრიორიტეტი - სააკაშვილის "გადაგდებაა". თუმცა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სწორედაც, რომ იმას ელის, ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყოს, რათა მერე იძახოს, რომ მას ანტირუსულმა ელექტორატმა დაუჭირა მხარი. ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიციონირება მოახდინოს, როგორც პოლიტიკოსმა, რომელიც რუსეთთან არა ურიერთობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, არამედ მხოლოდ ნორმალიზაციაზე. მისი ამოცანაა ნახევრადსაომარი ურთიერთობებიდან შედარებით გრილ ურთიერთობებზე გადავიდეს", - აცხადებს მარკოვი.
მისივე აზრით, ქართველი პრემიერის მოსკოვში ვიზიტის თარიღი ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული.