ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს გადაღებულ კადრებს ექსპერტიზა საზღვარგარეთ, რამდენიმე დაწესებულებაში უტარდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, კბილაშვილის თქმით, ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
"ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა, ერთ თვემდე გასტანოს. ექსპერტიზის ჩატარება საზღვარგარეთ, რამდენიმე დაწესებულებაში ხდება", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ მოწმეები ხელახლა კადრების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს გადაღებული, აქამდე უცნობი ვიდეო-მასალა პროკურატურას ამავე საქმეში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მიაწოდა.