საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა პასუხად პოლიტიკურ რეპრესიებს იღებს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის კომენტირებისას განაცხადა.
"ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი მოსპოს. საქართველო სააქციო საზოგადოებად გადააქციოს, რომელიც ერთი უხუცესის აზრს დაემორჩილება. ჩვენ საზოგადოებამ გამოგვიტანა პოლიტიკური მარცხის განაჩენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა ვილაპარაკოთ. მზად ვართ დიალოგზე უმრავლესობასთან, მაგრამ როდესაც საპასუხოდ ვიღებთ პოლიტიკურ დევნას, ეს დიალოგი არ გამოდის. არავითარი პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია, მაგრამ როდესაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ვხდებით სამართლებრივი ბრძოლის მეტი არაფერი გვრჩება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დემოკრატიული საზოგადოების ანბანი უნდა ისწავლოს და მიხვდეს, რომ არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის დევნას არ ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, 2-3 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.