მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რობაქიძის საქმე 7 წლის განმავლობაში უმოძრაოდ იყო. ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ბუტა რობაქიძის საქმე 3 საქმეს მოიცავს: ერთი, რომელიც მიმართული იყო ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდების წინააღმდეგ იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის საქმე, მეორე - პატრულ ბაშალეიშვილის წინააღმდეგ საქმე და მესამე – სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შეეხება. აქედან ბაშალეიშვილის საქმე 2006 წელს განაჩენით დასრულდა. რაც შეეხება საქმეს, რომელიც ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდების მიმართ დაიწყო, დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროკურატურაში მოვედით და ბრალდებაზე ვთქვით უარი", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე წარიმართა 2005 წლის 30 დეკემბერს, თუმცა 7 წლის განმავლობაში უმოძრაოდ იყო და მისი განხილვა არ ხდებოდა.
"ამის პარალელურად, აღძრული იყო საქმე იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. ვიდრე ჩვენ რეალურად არ დავიწყეთ გამოძიება, ამ საქმეზეც არაფერი იყო განხორციელებული. როდესაც დავიწყეთ გამოძიება და მოვიკვლიეთ მთელი რიგი მასალები, შედეგად მივიღეთ ის, რომ ერთ-ერთმა პირმა წარმოადგინა ვიდეო-მასალა. ისმის კითხვა: სად იყო პროკურატურა ამდენ ხანს? საქმეც ისაა, რომ ამ საქმეს არ იძიებდნენ, არავითარი მოქმედებები არ ხორციელდებოდა. როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული ანთებითი ავადმყოფობა, საჭიროა მწვავე პრეპარატების მიღება, რომ მოხდეს გამოჯამრთელების გზაზე დაყენება. სწორედ ასეთი იყო ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები. ამ დროს ვიღაცას, როდესაც გაუჭირდა, გადმოადგო რაღაც დოკუმენტი. ამაში ცუდი არაფერია, ჩვენ შევისწავლით", - განაცხადა კბილაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ჩნდება მორალური სახეც, რომ ეს კაცი იყო ის პროკურორი, ვის ხელშიც ეს საქმე ასე იდო და არაფერი კეთდებოდა".
"დღეს მას და სხვა ადამიანებს აქვთ სურვილი, თავი დააღწიონ და არ გასცენ კითხვებს და შესაძლოა, პრეტენზიებს პასუხ", - განაცხადა კბილაშვილმა.