საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, 2-3 დღეში კონსტიტუციურ ცვლილებაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.
ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
"ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას. პირადად თქვენ გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია მიმართვაში.