"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, საწვავის ფასების შემცირებაზე წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს და საწვავის ფასების შემცირებაზე წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად საწვავზე ფასების შემცირება არ მიმდინარეობს.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განმარტა, რომ თავის დროზე იყო საუბარი იმაზეც, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" საწვავზე მონოპოლია ჰქონდა დაწესებული, მაგრამ არცერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურდა.

"ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილს ისინი დღესაც იმეორებენ. ამით რეალურად თვალში ნაცარს აყრიან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ავტოტრანსპორტი არ ჰყავს, ხოლო ვისაც ჰყავს, ის ისედაც ხვდება, რომ საწვავზე არანიარი ფასების კლება არ მომხდარა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", საზოგადოება არ შეიყვანოს შეცდომაში და საწვავის ფასების შემცირებაზე წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს.