ორთაჭალის ე.წ. კრიტში "რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმი" გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ყოფილი ციხის გარკვეულ ნაწილში მუზეუმის გახსნის თაობაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მინისტრთან, რათა იქ მუზეუმი გაკეთდეს. ბუნებრივია, მთელი ფართის დათმობას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ სავარაუდოდ, რამდენიმე საკნის გამოყოფა მოხდება. ვფიქრობ, იქ განთავსდება, ერთი მხრივ, პატიმართა წამების იარაღები, კადრები, რომლებიც საზოგადოებამ ნახა, მეორე მხრივ კი იმ გარდაცვლილი მსჯავრდებულების ფოტოები, რომლებიც პენიტენციური სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს რამდენიმე საკანი დაეთმობა, იმდენი, რასაც დაიტევს მათი გარდაცვალების ისტორიები", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
მისივე განმარტებით, "რეჟიმის მსხვერპლთა მუზეუმში" მთლიანად შენარჩუნდება ის რეალობა, რაც ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობდა.
ორთაჭალის ე.წ. კრიტი ოფიციალურად გუშინ დაიხურა.