ხელისუფლება სატყეო სექტორში რეფორმის გატარებას აპირებს. სატყეო სფეროში დაგეგმილ რეფორმას ახლო მომავალში საზოგადოებას გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი გააცნობს.
როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აპირებს ამ მიმართულებით მთავრობა. სატყეო რეფორმის გეგმის წარმოდგენას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი აპრილში აპირებს.
პარლამენტში უკვე წარდგენილია და განხილვის საგანს წამოადგენს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზებას და მისი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ გარდაქმნას ითვალისწინებს.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო განახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა). სამინისტროს სახელწოდება კი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იქნება.
უწყების ფუნქციები იქნება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების ორგანიზება. სამინისტროს შემადგენლობაში ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შევა: - დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.