2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, რადიოსაშუალებები ყველაზე მეტი ნეიტრალურობითა და მიუკერძოებულობით გამოირჩეოდნენ.
როგორც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე კვლევის ავტორებმა განაცხადეს, შემთხვევათა უმეტესობაში ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რადიოში საინფორმაციო გამოშვებები საკმაოდ მოკლეა და სააგენტოების მიერ მიწოდებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, ახალი ამბები ძირითადად ფაქტებზეა დაფუძნებული.
რაც შეეხება ონლაინ მედიასაშუალებებს, მკვლევარების განმარტებით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალი ამბების გაშუქება ძირითადად ფაქტებს ეფუძნებოდა, ხოლო მეტი სივრცე დაეთმო ოპოზიციური პარტიების გაშუქებას.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, არჩევნების გაშუქებას პრესამ დაახლოებით 50 პროცენტი დაუთმო და ტელევიზიებთან შედარებით, ბეჭდური მედია პრეზიდენტს ძირითადად უარყოფითად აშუქებდა. ცალკეულ გაზეთებში მკვლევარებმა ჟურნალისტების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც შენიშნეს.
რაც შეეხება სატელევიზიო არხებს, მკვლევარების ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებამ, ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი პირობები შექმნა.
"სატელევიზიო პროგრამებისა და მრავალრიცხოვანი თოქ-შოუების მეშვეობით, როგორც საზოგადოებრივმა, ასევე კერძო მაუწყებლებმა პლატფორმა შესთავაზეს კანდიდატებს წინასაარჩევნო პროგრამების წარსადგენად. ობიექტური სურათის მიღება მხოლოდ რამდენიმე არხის ყურების შედეგად იყო შესაძლებელი. თითქმის ყველა არხზე შეიმჩნეოდა საარჩევნო კამპანიის ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა. ბევრ არხზე მკაფიოდ არ იყო გამიჯნული მაღალი რანგის საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის თანამდებობრივი და წინასაარჩევნო საქმიანობა, რითაც ტელევიზიები ირიბად აძლევდნენ უპირატესობას მმართველ პარტიას. Must Carry-ს პრინციპის შემოღებამ დადებითი გავლენა მოახდინა მედიის ხელმისაწვდომობაზე, რადგან ე.წ. ოპოზიციურმა არხებმა საკაბელო ქსელების გამოყენება და საკუთარი აუდიტორიის გაზრდა შეძლეს", - აღნიშნულია მედიამონიტორინგის შედეგებში.
საარჩევნო მედიამონიტორინგი 2012 წლის მაისში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო.
როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიგმა აღნიშნა, ინიციატივის მიზანია პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედიაგაშუქების ხელშეწყობა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.
მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვიც ესწრება. მისი თქმით, ყოველთვის არსებობს უკეთესი და რამდენადაც არ უნდა დაიხვეწოს მედია, ყოველთვის რჩება რაღაც, რაც დასახვეწია.
"მედიამონიტორინგზე ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. საარჩევნო სტანდარტების დონის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა ხუთი პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, იქნება ბევრი კრიტიკული შეფასება, რაც ნორმალურია. ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა გავზომოთ ჩვენი მიღწევები საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. ეს სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან საქმე, რომელსაც მედია აკეთებს, მუდამ ფასდება. მოსახლეობა ჩვენგან ყოველთვის ითხოვს უკეთესს. მჯერა, რომ ამგვარი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული მედიის განვითარებას და თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მონიტორინგს ახორციელებენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი "ინტერნიუსი საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი".