მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორების კომისია შემოდგომიდან ამოქმედდება. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, რომ სამუშაო ვარიანტი უკვე მზად არის და კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მარტში წარედგინება.
მათი ცნობით, კომისია ძალაში შესულ განაჩენებს გადახედავს და საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი მანდატის მქონე იურისტებით დაკომპლექტდება. კომისია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე ნებისმიერი, მათ შორის პირველი ინსტანციის დონეზე გამოტანილი განაჩენების გადახედვას მოახდენს.
ახალი გარემოებების გაჩენის ფონზე, მისი დასკვნა იქნება ექსკლუზიური უფლება, რომლის ფარგლებშიც წინასწარ დაკომპლექტებულ მოსამართლეთა ჯგუფი განაჩენებს ხელახლა განიხილავს. კანონპროექტის დამტკიცებისთანავე 2-6 თვეში მოქალაქეებს შეეძლებათ კომისიას საქმეების გადახედვის მოთხოვნით მიმართონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამტკიცებს, რომ ეს მექანიზმი უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებას დააჩქარებს, ხოლო თუ ამ ქონებას კანონიერი მფლობელი ჰყავს, კომპენსაციას სახელმწიფო ბიუჯეტი გაიღებს.