"ჰუდონჰესის" პროექტში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან

"ჰუდონჰესის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან , - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა. 

მინისტრმა ბრიფინგი პირველ მოადგილესთან ნინო შარაშიძესთან და ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიის წარმომადგენელ არენდ კოლჰოფთან ერთად გამართა.
როგორც გარემოს მინისტრმა აღნიშნა, ჰუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით პოტენციურ ინვესტორთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული მემორანდუმი გადაიხედება. ამისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ სპეციალისტები, ექსპრეტები. მემორანდუმის გადახედვაში ჩართულია ექსპერტთა ჯგუფი. ასევე გარემოს დაცვითი დოკუმენტის შეფასებით საკითხში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტებიც - კერძოდ, მათ მიმართეს ნიდერლანდების სამეფოსაც და გარემოზე ზემოქმედების კომისიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა აღნიშნული კომისიის წარმომადგენელმა არენდ კოლჰოფმა. მისივე თქმით, 6 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოში აპრილის დასაწყისში ჩამოვა. სამინისტრომ დააფინანსა მათი საქართველოში მუშაობა. ჯგუფში შედიან სეისმური რისკების ექსპერტი, გეოლოგი, ექსპერტები კაშხლების მშენებლობის, სოციალურ და განსახლების საკითხებში; ბიოლოგი, ენერგეტიკის ეკონომისტი. ჯგუფს უხელმძღვანელებს ჰოლანდიელი პროფესორი.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უცხოელი ექსპერტები თავიანთ დასკვნას აპრილის ბოლოსთვის მოამზადებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რამდენად სასურველია ამ პროექტის განხორციელება - ჰუდონზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროექტის განხილვაში.