ირაკლი ფირცხალავა - მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე პასუხისგებაში მართლაც იყვნენ მისაცემი

ირაკლი ფირცხალავა - მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე პასუხისგებაში მართლაც იყვნენ მისაცემი

მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე პასუხისგებაში მართლაც იყვნენ მისაცემი, რადგან რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შერჩევით სამართალთან არის საქმე, რადგან არ იკითხებიან ის პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც კადრებში იარაღებით დარბიან.

"მოვლენებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. ლევან ლობჟანიძე და მაიზერ ლიპარტელიანი პასუხისგებაში მართლაც იყვნენ მისაცემი, რადგან რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება, თუმცა აქვე ვეკითხები გამოძიებას, რატომ არ კითხავენ იმ პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც კადრებში იარაღებით დარბიან. დაკითხონ ეს ადამიანები, კითხონ საიდან იყო ეს იარაღები და ამის შემდეგ უკვე საქმის გახსნა ხუთ წუთშია შესაძლებელი. ის ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანან, არ არიან გათავისუფლებული თანამდებობიდან და ისევ ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს სამართალდამცავ უწყებაში", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ "პირველი რადიოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა ედებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.

ასევე, პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძემ რამდენჯერმა მისცა ჩვენება და ყველა ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

ამ მოწმეების დაკავებას ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც ითხოვდა.