ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ 5-ლარიანი დაზღვევა არც საზოგადოების მოლოდინს და არც

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ 5-ლარიანი დაზღვევა არც საზოგადოების მოლოდინს და არც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო განაცხადს არ პასუხობს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ თებერვლის ბოლოდან ასამოქმედებელი 5-ლარიანი დაზღვევა არც საზოგადოების მოლოდინს და არც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო განაცხადს არ პასუხობს.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი მოსაზრებები ჭიაბერაშვილმა "პირWელს" გააცნო.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე კითხვას სვამს: თუ მოქალაქეს, რომელსაც დღეს დაზღვევა არ აქვს და თებერვლის ბოლოდან ისარგებლებს 5-ლარიანი დაზღვევით, ექიმთან კონსულტაციისათვის რომელ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიაკითხოს? მოქალაქეები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადანაწილდებიან პოლიკლინიკებში თუ მოქალაქე თავად აირჩევს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმს კონსულტაციაზე უნდა მიაკითხოს? როგორი მექანიზმით ხდება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ექიმის კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურებას?

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიაზე უკეთ კერძო სადაზღვევო კომპანია ახერხებს, ყაირათიანად ხარჯოს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეული 900,000 ადამიანისათვის (სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები) გაწეული ჯანდაცვის ხარჯმა 15-25%-ით მოიკლო სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხარჯების ოპტიმიზაციის წყალობით. ამასთან, მისივე აზრით, იმ მოდელში, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს, სახელმწიფომ, სამედიცინო დაწესებულებებში გაიდლანებისა და პროტოკოლების დანერგვით, უნდა უზრუნველყოს ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებები უკონტროლოდ არ უზრდიან "ზარალებს" სადაზღვევო კომპანიებს და ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიები უარეს პირობებში არ აყენებენ კეთილსინდისიერ, მაღალი ხარისხის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს მოქმედ მოდელში დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფინანსები სამედიცინო სექტორისთვის იმ ფუნდამენტის როლს ასრულებს, რომელზეც სადაზღვევო კომპანიებმა საკუთარი სახსრებით დამატებითი სიმძლავრეები დააშენეს.

"მართალია, ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში მობილიზებული კაპიტალის 70% სახელმწიფოს მიერ იქნა უზრუნველყოფილი, მაგრამ სწორედ მასშტაბის ეკონომიკამ უზრუნველყო სადაზღვევო სექტორის ფინანსური მდგრადობა და სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მისი საკუთარი სახსრებით ხელმისაწვდომობა. ეს კი სამედიცინო სფეროში დამატებითი სახსრების მოზიდვის საუკეთესო გზაა", - მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თებერვლის ბოლოსთვის დაგეგმილი დაზღვევის სისტემა კერძო სადაზღვევო კომპანიებს დააზარალებს და თუკი ისინი საერთოდ გადარჩნენ, გადაიქცევიან პატარა ოფისებად, რომლებიც გაყიდიან სადაზღვევო პაკეტებს, მაგრამ გაცილებით ძვირად, ვიდრე დღეს ყიდიან.

"ამასთან, როგორც კი კერძო სადაზღვევო კომპანიები ან საერთოდ გავლენ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრიდან ან დარჩებიან "ბუტიკებად" და სახელმწიფო ფონდი მონოპოლიურ ან თითქმის მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, იგი უკანახებს ფასებს სამედიცინო დაწესებულებებს და შეეცდება სამედიცინო მომსახურების ფასები დაბლა დააწევინოს (სხვაგვარად ზემონახსენები "შავი ხვრელი" "შავ უფსკრულად" გადაიქცევა), რაც მოკლევადიანად თითქოს კარგი იქნება, მაგრამ გრძელვადიანად გააუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილების შემცირებას და/ან სახელფასო განაკვეთების თუ შემცირებას არა, გაყინვას მაინც. ეს მიგვიყვანს პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხების ზრდასთან და "საყოველთაო დაზღვევის" ფიქციად ქცევასთან, როდესაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო დაპირება ფორმალურად შესრულებული ექნება, რეალურად კი – არა", - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.