26-28 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ავსტრიაში ვიზიტი გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დღეს ფანჯიკიძე ავსტრიის ყოფილ კანცლერს, ავსტრიული თჰინკ-თანკ-ის ხელმძღვანელ ვოლფგანგ შიუსელს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ელჩ ბრიგიტე ოპინგერ-ვალხსჰოფერთან.
მაია ფანჯიკიძე გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-5 გლობალური ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვენაში 26-28 თებერვალს გაიმართება. ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრის, ვიცე-კანცლერ მიხაელ შპინდელეგერის და ასევე ცივილიზაციათა ალიანსის გენერალური მდივან ხორხე სამპაიოს მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფორუმის დუნაისა და შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ სესიაზე სიტყვით გამოვა.
აღნიშნულ ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ეუთო-სა და გაერო-ს, აგრეთვე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და იუნესკოს მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ფორუმის ფარგლებში თავის კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
27 თებერვალს იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ავსტრიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტთან გეორგ კაფშთან.
28 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ფრიტც ნოიგებაუერთან და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრთან, ვიცე-კანცლერ მიხაელ შპინდელეგერთან.