ადვოკატი თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს

ადვოკატი თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გუნავას ადვოკატმა 

მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, პროკურატურის მიერ საქმეზე გამოტანილი დადგენილების მიხედვით აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
"მართალია, გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, მაგრამ არც ის დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავად ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამას ბევრი გარემოება ცხადყოფს, მათ შორის ის, რომ გუნავას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა, რაც, მას რომ იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პოლიციელებს - გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ მათ განზრახ შეიყვანეს ოქმში არასწორი მონაცემები და გააყალბეს. ამასთან, წერია, რომ გუნავას ნიღაბი ჩამოაცვეს. რა თქმა უნდა, მათ დაკავებას მოვითხოვთ. ადამიანებს იჭერენ ჩვენების შეცვლისთვის და პოლიციელი რომ განზრახ დოკუმენტს გააყალბებს, ეს დანაშუალი არ არის? უფლებამოსილების გადამეტება სხვა რა არის?", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.

პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიებით არ დასტურდება დაკავებისას თენგიზ გუნავასთვის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების ჩადების, ასევე სამინისტროს შენობაში მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხის იძულებით დალევინების ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ გუნავას აყვანისას დაშვებული გადაცდომების გამო, შს მინისტრის ბრძანებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.