პარტია

პარტია "ქართულმა ოცნებამ" გუშინ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებზე იმსჯელა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ გუშინდელ სხდომაზე შიდა პარტიულ საკითხებსა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შესახებ იმსჯელა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სხდომა "ქართუ ჯგუფის" შენობაში წუხელ თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭო ერთ კვირაში კიდევ შეიკრიბება და როგორც რაიონული, ისე ადგილობრივი სტრუქტურების სრულყოფაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, სტრუქტურის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება.

პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად "ქართუ ჯგუფის" ოფისთან შეკრებილი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების რაიონული ორგანიზაციების წევრები, მათ შორის რუსთავიდან.
მათი განმარტებით, ე.წ ჩანერგილები და გარკვეული ჯგუფები კოალიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობენ.

როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრმა ანზორ ხუციშვილმა განაცხადა, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ორგანიზაციაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქამდე არ უნახავთ.

"დაფუძნების დღიდან რუსთავის ორგანიზაციაში ვმუშაობთ. წავედით ყველაფერზე, რაზე წასვლაც კი შეიძლებოდა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სახეზე არ გვინახავს, ზოგიერთი "ნაციონალური მოძრაობის" გამოკვეთილი წევრიც კი იყო. ისინი გვიმტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" წევრები არიან", - განაცხადა ხუციშვილმა.

რუსთავის ორგანიზაციის განცხადებები პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინ ჩაიბარა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განმარტებით, რუსთავში პარტიული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის გამართვის მცდელობა ორჯერ იყო, თუმცა უშედეგოდ.

"დარჩენილია ხუთი ორგანიზაცია, რომელმაც ეს ვერ შეძლო. მათ აქვთ წევრობის მსურველების განცხადებები, რომელიც გადმოგვცეს. პოლიტსაბჭო იმსჯელებს აღნიშნულზე და განცხადებების ნაწილს ალბათ დააკმაყოფილებს", - აღნიშნა იმერლიშვილმა.