"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში ინსპექტირებას დღეს დაიწყებენ

"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში ინსპექტირებას დღეს დაიწყებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი 6 წევრისგან შედგება, ისინი 3 ჯგუფად დაიყოფიან და დღეიდან საწარმოების ინსპექტირებას დაიწყებენ. შეთანხმების თანახმად, რუსი სპეციალისტები განცხადებებს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

რაც შეეხება კომპანიებს, დავითაშვილის განცხადებით, ყველა კომპანია, ვისაც სურვილი აქვს რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, ამ დელეგაციის ვიზიტის დროს ვერ შემოწმდება, რადგან ასეთი კომპანია 80-ზე მეტია. პირველი ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში მოხდება 45 საწარმოს შემოწმება. სპეციალისტები შემოწმებას დღეს დაიწყებენ და ეს მოიცავს თბილისსა და კახეთს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ინსპექტირება ვერ განხორიციელდება. ამას ის მეორე ჯგუფი განახორციელებს, რომელიც საქართველოში ამ ვიზიტის დასრულებიდან ერთი-ორი კვირის შუალედის შემდეგ ჩამოვა.

რაც შეეხება დელეგაციის წვერებს, როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ისინი საწარმოების ჰიგიენურ-სანიტარულ მდგომარეობას შეამოწმებენ.