მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმიანება

მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმიანება

საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებებს ეხმიანება .

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს, ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს მართლაც არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.

"საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით, მოსამართლედ პირის გასამწესებლად აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა ინფორმაცია (ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია) სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ამოღებულია ამ მოსამართლეთა პირადი საქმეები. გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს მართლაც არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აქედან გამომდინარე საქართველოს პროკურატურა ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რათა გამოავლინოს და ამხილოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ ორი მოსამართლის - მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის პირადი საქმეების გამოთხოვას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმეების გამოთხოვაზე თანხმობა სასამართლომ გასცა, საქმე კი, ამ ორი მოსამარათლის დანიშვნის საკითხს ეხება.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განმარტა, დანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მიღებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო და, კუბლაშვილის თქმით, კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

"ამ ქმედებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუკი მათ სურთ საბჭოზე ზემოქმედება, ვაძლევ გარანტიას, რომ ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, ორივე მოსამართლის დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია კარგად არის შესწავლილი და ამის შემდეგ აქვს საბჭოს და პირადად მას გადაწყვეტილება მიღებული.