საქალაქო სასამართლო უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მერ გიგი უგულავასა და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2013 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ გირაოს - 1 000 000 (მილიონი) ლარის შეფარდების შესახებ. შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულ დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორცილებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა. დღესვე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაეთანხმა ბრალდების მხარეც, სასამართლოს განჩინებით დაშვებულ იქნა ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა მთელი პროცესის განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 10 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.