ნინო ბურჯანაძეს პროკურატურამ ადგილზე მისვლით დაკითხვა შესთავაზა, თუმცა ის საგამოძიებო ორგანოში თავად მივა

ნინო ბურჯანაძეს პროკურატურამ ადგილზე მისვლით დაკითხვა შესთავაზა, თუმცა ის საგამოძიებო ორგანოში თავად მივა

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს პროკურატურამ ადგილზე მისვლით დაკითხვა შესთავაზა, თუმცა ის საგამოძიებო ორგანოში თავად მივა.

ამის შესახებ "პირWელს" თავად ბურჯანაძემ განუცხადა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დასაფასებელია, რომ 26 მაისის მოვლენების გამოძიება დაიწყო. ამ ნაბიჯს პროკურატურის მხრიდან მივესალმებით, რადგან ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ გვინდოდა სიმართლე სცოდნოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. როგორც უკვე გითხარით, მომხდარის პირველივე დღიდან ვითხოვდით 26 მაისის მოვლენების გამოძიებას, თუმცა წინა ხელისუფლების დროს, რომლებმაც დაგეგმეს ეს სპეცოპერაცია და მერე განახორციელეს კიდეც, ამ საქმეზე ნათელის მოფენა შეუძლებელი იქნებოდა. მე ნამდვილად გიდასტურებთ, პროკურატურისგან მივიღე შემოთავაზება, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მოვიდოდა ჩემთან და მომხდართან დაკავშირებით ჩემს ახსნა-განმარტებას მოისმენდა, თუმცა მე საჭიროდ ვთვლი თავად მივიდე საგამოძიებო ორგანოში და მივცე ჩვენება. ალბათ, ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ საგამოძიებო ორგანოში მისი მისვლის თარიღი სავარაუდოდ, დღეს დაზუსტდება.

"როგორც კი საგამოძიებო ორგანოში ჩემი მისვლის ზუსტი თარიღი დაზუსტდება, მზად ვარ, ყველა საქმე გადავდო და იქ აუცილებლად მივიდე და გამოძიებასთან ვითანამშრომლო. აქვე გეტყვით, რომ "სახალხო კრების" წევრების უმრავლესობა უკვე ასეც მოიქცა, საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდნენ ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, შალვა ოგბაიძე და სხვები, ასევე დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეს პირადად დაზარალდნენ", - აღნიშნა “დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ.

ბურჯანაძის განმარტებით, მას ახალი ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ პირადად არჩილ კბილაშვილი კეთილსინდისიერი ადამიანია.

"რა თქმა უნდა ობიექტური გამოძიების იმედი მაქვს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეიქმნა რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა. ეს საქმე აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი და ვფიქრობ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველა იმ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა. მე მჯერა მთავარი პროკურორის, რადგან არჩილ კბილაშვილი კეთილსინდისიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ობიექტური გამოძიებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მთავარი ის არის, რომ უნდა დაისაჯოს მომხდარში მონაწილე ყველა რგოლი. ერთსაც გეტყვით, სიმართლე ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ცნობილი, აუცილებლად გაიგებს ყველა იმ სადამსჯელო ოპერაციის შესახებ, რომელიც 26 მაისს პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა. ჩვენ არ ვართ რევანშისტები და არ ვამბობთ, რომ მაინცდამაინც ყველა ციხეში უნდა წავიდეს უბრალოდ იმისათვის, რომ მათ ჩადენილი ვაპატიოთ, ჯერ პატიება უნდა ითხოვონ. ეს არავის გაუკეთებია და ამაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ჩადენილი დანაშაულის პატიება და დამნაშავეების დაუსჯელობა გახდება საბაბი იმისა, რომ ყოველთვის იარსებებს ადამიანების ჯგუფი, რომელიც იფიქრებს, რომ მაინც არ დაისჯება და ახალი დანაშაულის ჩადენაზე არ იტყვის უარს. საჯარო სამსახურში მყოფ არც ერთ რგოლს არ უნდა ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა, აუცილებელია დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და მეორე, ვინც ის შეასრულა. მე შეგახსენებთ, რომ საუბარი იყო დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების ამნისტიაზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან 26 მაისის ღამეს ხალხს მერაბიშვილი და სააკაშვილი არ ურტყამდა ხელკეტებს, სხვა ადამიანებმა ჩაატარეს ეს სადამსჯელო ოპერაცია. იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება 26 მაისის მოვლენებს ობიექტურად და სამართლიანად გამოძიებს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.